გაეროსთან აკრედიტებული ელჩები სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ

15.04.2019 თბილისი - საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.  ელჩები ადგილზე გაეცნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თანმდევ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობას, მოინახულეს და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ელჩებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე. მისი შეფასებით ელჩების ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მათი ყურადღების სწორედ იმ პრობლემაზე კონცენტრაცია გახლავთ რაც არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
 
„გაერო-ს ელჩების ვიზიტის  ზოგადი მიზანი არის  ის, რომ ისინი ადგილზე გაეცნონ საქართველოს წარმატებებს, რეფორმების გამოცდილებას,  რა სფეროშიც ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ ამ ქვეყნებთან.  ასევე ბუნებრივია მთავარი მიზანია ნახონ ის დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ეს გახლავთ ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა საკუთარი თვალით ნახოს აღნიშნული ვითარება. მსოფლიოს  ბევრ წერტილში არის ძალიან რთული ვითარება,  ამიტომ მსგავს ვიზიტებს და ინფორმაციის ასეთი სახით მიწოდებას პარტნიორებისთვის   ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება“- განაცხადა კახა იმნაძემ.
 
გაეროსთან ფინეთის, სენეგალის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს 14-21 აპრილს სტუმრობენ.
 
მათ შეხვედრები გამართეს საგარეო უწყებაში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სტუმრებს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, ელჩებმა  შეხვედრა გამართეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და  მოინახულეს ადგილნაცვალი პირების დასახლება წეროვანში. 
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაეროსთან აკრედიტირებული ელჩები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან. 
 
აღსანიშნავია, რომ გაეროსთან აკრედიტებული ელჩების საქართველოში ვიზიტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მისი ინიციატორი გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა. მსგავსი სახის ვიზიტები ხორციელდება ასევე ეუთოში აკრედიტებული ელჩებისთვისაც.
 
ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი  რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. გაიმართება ელჩების შეხვედრები კახეთის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 
 
 
 
 
 
<   1 2    > Pages: 1 of 2