გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სიტყვით გამოვიდა

2018 წლის 23 აპრილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე, თემაზე - „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება: ახალგაზრდობა, მშვიდობა და უსაფრთხოება“ (Maintenance of international peace and security: Youth, peace and security).
 
თავის გამოსვლაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ძალადობრივი კონფლიქტების პრევენციის პროცესში ახალგაზრდობის როლსა და ამ მიმართულებით ახალგაზრდა ადამიანების პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე ისაუბრა. კახა იმნაძემ საბჭოს წევრებს გააცნო საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გამარტივებას ისახავს მიზნად.
 
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ე.წ. კანონს „უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“, რომელიც ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას, მათ შორის, ახალგაზრდობას, ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას უზღუდავს. გამოსვლაში ხაზი გაესვა, ასევე, ოკუპირებული რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევებისა და მათი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველებისათვის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვებზე. 
 
კახა იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად.