„გავაორმაგებ ჩვენს ძალისხმევას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობის გასაღრმავებლად და თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანისთვის“, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი

04.09.2018 თბილისი - „ჩატარებული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, გავაორმაგებ ჩვენს ძალისხმევას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობის გასაღრმავებლად და  თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანისთვის“, განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტარო კონომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის  დიდ პატივს წარმოადგენს პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართვლოში სტუმრობა.

ტარო კონოს განცხადებით იაპონიასა და საქართველოსა  აკავშირებთ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც საფუძვლად უდევს საერთო ფუნდამენტური ფასეულობებისადმი ერთგულება: „იაპონია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენ გვაკავშირებს ფუნდამენტური ფასეულობები, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.“ გასულ წელს საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს იზეიმეს.“

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნასა შორის ურთიერთობების დინამიკა და აღნიშნა რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს. მისი თქმით აღნიშულ მიზანს ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს იაპონიის მთავრობის „კავკასიის ინიციატივა“.

ტარო კონმოს თანახმად, ინიციატივის ფარგლებში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები, როგორიცაა სავიზო პროცედურების გამარტივება, გაცვლითი პროგრამების შესახებ გადაწყვეტილება, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განვითარება და საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფინანსური და პრაქტიკული დახმარება: „მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კარგი ურთიერთობებით. დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება იაპონიამ და საქართველომ ითანამშრომლონ კიდევ უფრო მჭიდროდ, რომ განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. მაგალითად, იაპონია გეგმავს, გაცვლითი პროგრამების საშუალებით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატების, იურისტების და სხვა ექსპერტების განვითარებას, რადგან ისინი  წარმოადგენენ მნიშვნელოვან აქტორებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობის მიზნით,  გავამარტივოთ სავიზო პროცედურები საქართველოს მოქალაქეებისათვის. უფრო მეტიც, მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ძირითად პრინციპებზე. მოხარული ვარ, რომ მოვაწერო ხელი ნოტების გაცვლის ხელშეკრულებას აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტის მეორე ფაზასთან დაკავშირებით.  ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს  საქართველოსა და სრულიად კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ განვითარებას“, განაცახადა იაპონიის საგარო საქმეთა მინისტრმა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრს ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე, რომლის თანახმადააც  იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით გამოყოფს  38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის.