გერმანიაში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში „კონფლიქტი და განვითარება კავკასიაში“

18.06.2019 გერმანია- გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საჯარო დისკუსიაში „კონფლიქტი და განვითარება კავკასიაში“.
ღონისძიება ინიციატივის „მეცნიერების გრძელი ღამის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი იყო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობა.
 
ელგუჯა ხოკრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე - ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ინტეგრაციის პროცესის პრაქტიკულ ასპექტებზე.
 
საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც სატრანსპორტო დერეფანზე ჩინეთს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის კონტექსტში. ელჩმა ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუანიტარულ მდგომარეობაზე.
 
დისკუსიის მონაწილეების მიერ მომზადებული მოკლე მოხსენებების შემდგომ დისკუსიის ერთ-ერთ ძირითად თემას საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები წარმოადგენდა.
 
 
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის წარმომადგენელი პროფესორი თეოხარის გრიგორიადისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი და ხელოვანი ირა კონიუკოვა. საჯარო დისკუსია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა ვერენა ბლეხინგერ-ტალკოტმა გახსნა.