გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

01.10.2018 თბილისი-2018 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ კნირში.

დავით ზალკალიანმა ჰუბერტ კნირშს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა ელჩად მუშაობის პერიოდში. საუბრისას მინისტრი შეეხო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, მჭიდრო და ინტენსიურ ურთიერთობებს. მან ხაზი გაუსვა ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა და ახალი დინამიზმი შესძინა ორი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობას. ამის გარდა, დავით ზალკალიანმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და მიმდინარე ამოცანები. მინისტრმა ელჩს ასევე გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ქართული მხარის ახალი სამშვიდობო ინიციატივა. ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ პარტნიორი ქვეყნების და, მათ შორის გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ქართულ-გერმანული უპრეცედენტოდ აქტიური და დინამიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, მინისტრმა ყურადღება დაუთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გერმანიის ფართო საზოგადოებაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო და გერმანია ინტენსიურად თანამშრომლობენ პოლიტიკის, ეკონომიკის, პოლიციის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში. მან ასევე დაადასტურა, რომ გერმანია შემდგომშიც მხარს დაუჭერს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებით. ამის გარდა, ელჩმა ხაზი გაუსვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწობს გერმანიაში ჩვენი ქვეყნისა და ქართული კულტურის ცნობადობის ამაღლებას. ჰუბერტ კნირშმა ასევე გამოთქვა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ამ მიზნით, არსებული პოტენციალის ათვისებას.