გერმანული მხარის გადაწყვეტილებით თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები საგრძნობლად შემცირდება - ვახტანგ მახარობლიშვილი

6.03.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 6 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ერთობლივ დელეგაციას, კერძოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილთა და მიგრაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსს ანეტ გიუნტერს და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს პირთა დაბრუნების შტაბის უფროსს კრისტიან კლოსს.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ შექმნილ სირთულეებსა და მათთან გამკლავების გზებზე და ერთმანეთს ამ კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. გერმანიის დელეგაცია მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა დაგეგმილ და გატარებულ ღონისძიებებს, რათა მოქალაქეების მხრიდან არ მოხდეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივად გამოყენება.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და შენგენის ზონის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით.   

„გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 100 %-ს ეძლევა უარყოფითი დასკვნა და ფაქტიურად თავშესაფრის მომთხოვნი ყველა ადამიანი გამოიგზავნება უკან საქართველოში, გამომდინარე იქიდან რომ საქართველო გერმანული მხარის მიერ მიჩნეულია, დე ფაქტოდ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ გერმანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები იქნება საგრძნობლად შემცირებული“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრის შემდგომ.

როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით გერმანიის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საკითხები.

გერმანიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი თანამდებობების პირებთან.