„ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში 2019 წლის სადამკვირვებლო კომისიის შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთებული განცხადება

2018 წლის 22 ოქტომბერს, „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ვენაში გაიმართა „ღია ცის“ საკონსულტაციო კომისიის შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებზე, საქართველოს დელეგაციამ კომისიის ფარგლებში შემდეგი საპასუხო განცხადება გააკეთა:
 
„ბატონო თავმჯდომარევ,
 
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ქართული მხარე სრულად მხარს უჭერს გადაწყვეტილებას 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ, რომელიც დღეს იქნა მიღებული.
 
ნება მომეცით გავაკეთო მოკლე კომენტარი რუსეთის დელეგაციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლითაც ის ადანაშაულებს საქართველოს “ღია ცის” ხელშეკრულების პოლიტიზირებასა და დარღვევაში.
 
ნამდვილად სამწუხაროა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს მცდელობებს, რომ ეს ტექნიკური ხელშეკრულება გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალი - უკანონო აღიარების მიზნით.
 
რუსეთის ფედერაციამ  ხელშეკრულების დარღვევის შეწყვეტის ნაცვლად, მიიღო გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაერთულებინა არსებული მდგომარეობა. კერძოდ,  2018 წლის 23 აპრილს ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე რუსეთი წარსდგა განცხადებით, სადაც დაეყრდნო ხელშეკრულების მე-4 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2-ე და მე-7-ე პარაგრაფებს, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს, ამასთან მიუთითა “კავკასიაში რუსეთის საზღვრის ორი მონაკვეთი”, ხოლო 2018 წლის 24 სექტემბრის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე რუსეთმა განაცხადა, რომ „მათი გადაწყვეტილების მხარდაჭერით, აღადგინოს აფხაზეთისა და ოსეთის საზღვრებთან 10 კილომეტრის ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები, აღნიშნულმა, ორმა ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოს ხელისუფლებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნა“.
 
ზემოაღნიშნული განცხადებები ნათლად ადასტურებს თუ რა არის რუსეთის მხარის რეალური მიზნები.
 
ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ქვეყანას, რომელიც ღიად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, კერძოდ, სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს ხელშეკრულება უკანონო ქმედებების ლეგალიზაციისთვის.
 
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის, 3 აპრილს, საქართველოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეჩერების საკითხი კვლავ ძალაში რჩება.
 
გმადლობთ, მოვითხოვთ აღნიშნული განცხადების ასახვას დღის წესრიგში,“ ნათქვამია განცხადებაში.
 
„ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს შეიარაღების კონტროლის მნიშვნელოვან კომპონენტს და წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებით ხელს უწყობს სამხედრო მიმართულებით გახსნილობასა და გამჭვირვალობას. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2002 წელს და მის წევრია 34 სახელმწიფო.