გიორგი ჯანჯღავა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელად დაინიშნა

1.03.2018 ქ. ჯედდა -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, იუსუფ ალ-ოსაიმინს.
 
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, გიორგი ჯანჯღავა  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC)  საქართველოს პირველ წარმომადგენელად დაინიშნა.
 
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიის დასრულებისას გაიმართა ორმხრივი შეხვედრა.  მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ორგანიზაციას შორის ურთიერთობის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. საქართვლოს ელჩმა და OIC-ის გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. იმედი გამოითქვა, რომ ელჩის წარმომადგენლად დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარებას.
 
აღსანიშნავია, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია 57 ქვეყანას აერთიანებს.