გიორგი ჯანჯღავამ ალბანეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

17.04.2019 ალბანეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალბანეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ (რეზიდენციით ქ. ანკარა)  რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილირ მეტას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
 
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა ალბანეთის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ალბანეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები და სამომავლო პერსპექტივები.
 
ალბანეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. მან ასევე აღნიშნა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები.
 
ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში.