გიორგი შარვაშიძემ უზბეკეთის დელეგაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

23.02.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის უწყებათშორისი დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, სახიბ საიფნაზაროვთან.

შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა. საუბარი შეეხო ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს და ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი საწარმოების გახსნის შესაძლებლობას საქართველოში. ასევე, განიხილეს 2018 წლის განმავლობაში საქართველოს და უზბეკეთის სამთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის გამართვის შესაძლებლობა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 21-23 თებერვალს გაიმართა, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის, ქ. თბილისის მერიის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს და  უზბეკეთის ღვინის სახელმწიფო ადმინისტრაციას „უზვინპრომს“ შორის.