„ღირსეული პარტნიორი 2018” არის საქართველოს მიმართ სანდოობისა და მხარდაჭერის სერიოზული გამოხატულება - დავით ზალკალიანი

1.08.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სწავლების ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის საზეიმო ცერემონიაში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს მონაწილება ამ პროექტში, ისევე როგორც აშშ-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების მზარდი ჩართულობა საქართველოს მიმართ არსებული მნიშვნელოვანი მხარადჭერის დემონსტრირებაა და ჩვენი ქვეყნის, როგორც აშშ-სა და ნატო-ს ღირსეული პარტნიორის იმიჯზე მიუთითებს. „მივესალმებით წვრთნებს, რომელიც არის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარება იმისა, რომ საქართველო არის მართლაც ღირსეული პარტნიორი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს და ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყნების.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში და ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვატარებთ სწავლებებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და სხვა პარტნიორებთან ერთად და ამ სწავლების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მათი სერიოზული მხარდაჭერა და პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს წვრთნები ემსახურება სტაბილურობას, ქვეყნის თავდაცვისუნარიონობის გაძლიერებას, ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას და ჩვენს თავსებადობას იმ სტანდარტებთან, რომელიც აქვს დაწესებული ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე ნატოელ პარტნიორებს“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. სწავლება დღეს საზეიმოდ გაიხსნა. მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში ჩართულ სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავრსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაურმა გენერალ ჯოსეფ ლინგელმა მიმართეს. ​

<