გრძელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი

2017 წლის 23 მარტს გაგრძელდა საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდის ფარგლებში დაგეგმილი დღის წესრიგი. დავით ჯალაღანიამ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან, მოტომე ტაკიძავასთან, იაპონიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან, ტაკაში აკაგისთან, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, კაცუმი ჰირანოსთან და იაპონიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (JICA) უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, ჰიდეტოში ირიგაკისთან.

 

ვიზიტის მსვლელობისას, ქართულ დელეგაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ეცნობა, მათ შორის მიმდინარე წლის მაისის თვიდან თბილისში JICA-ს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა. პროდუქტიული და კონკრეტულ მიზნებზე ფოკუსირებული იყო შეხვედრები JETRO-სა და სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. საპარლამენტო ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კონკრეტული პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების განხილვის გარდა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საერთო ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ, ფაქტიურად სტრატეგიული ხასიათის მქონე თანამშრომლობას.

 

ვიზიტის დასასრულს, ქართული დელეგაცია იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, კენტარო სონოურას სახელით გამართულ სადილს დაესწრო, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონული და საერთაშორისო საკითხების თაობაზე.