გუდაურში დიპლომატიურ სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 
31.03.2019 გუდაური-გუდაურმა უკვე მესამედ უმასპინძლა დიპლომატიურ სათხილამურო ტურნირს “DipSki2019”. სათხილამურო ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდა ოთხ კატეგორიაში. ქალთა შორის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი ლორენ ბარი, მამაკაცთა კატეგორიაში პიტერ დენისი ევროკავშირის დელეგაციიდან,  საქართველოს მთავრობიდან მამაკაცთა კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი შოთა ბრელიძე, საქართველოს მთავრობიდან ქალთა კატეგორიაში გაიმარჯვა კატო ალანიამ ტურიზმის დეპარტამენტიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით დიპლომატიური სათხილამურო ტურნირი კარგი საშუალებაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის.
 
"ეს არის ძალიან კარგი საშუალება, იმისათვის რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საელჩოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დავტკბეთ ამ სილამაზით, რასაც გუდაური ჰქვია, ეს არის ადგილი, რომელიც ზრდის ტურისტების რაოდენობას, იგი ხდება ძალიან პოპულარული ჩვენს უცხოელ პარტნიორებს შორის, ამიტომ ელჩების ჩართულობა, დიპლომატიური კორპუსის ხშირი მონაწილეობა მსგავსი სახის ტურნირებში ხელს უწყობს ამ მართლაც ულამაზესი კურორტის პოპულარიზაციას”-განაცხადა მინისტრმა.
 
ტურნირი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და   მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით გაიმართა და იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან  იმართება.