„გვსურს, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიები გავრცელდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - ზიგმარ გაბრიელი

27.04.2017, ბერლინი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროზე, განათლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში განათლება ამოუწურავი რესურსია. ამ კონტექსტში მან ისაუბრა გერმანიასთან პარტნიორობაში მყოფ ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული განათლების და გერმანული ენის ქართველების მიერ სრულყოფილად ცოდნის თაობაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანულ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობაზე და განთლების როლზე კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული ხალხის შერიგებაში. „გვსურს, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიები გავრცელდეს საქართველოს ოკუპირებულ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზეც, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდა ადამიანმა, ორივე მხარეს, გააცნობიეროს გამყოფი ხაზების პრობლემატიკა და გაითავისოს, რომ მხოლოდ შემრიგებლური ურთიერთობით არის შესაძლებელი განვითარების და საერთაშორისო მობილურობის მიღწევა“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გაბრიელმა აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიის წელი 2017 წლის აპრილიდან დაიწყება, 18 თვეს გასტანს და მწვერვალს მიაღწევს 2018 წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის უმსხვილეს ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით წარსდგება. მან აღნიშნა მწერალი ნინო ხარატიშვილის განსაკუთრებული როლი ქართველი და გერმანელი ხალხის დაახლოების შესახებ, მისი რომანის „მერვე სიცოხლე“-ს მეშვეობით და პარალელი გაავლო რომანში აღწერილი დროის პირობითობასა და საქართველო-გერმანული წლის ფარგლებში დროსთან ღია დამოკიდებულებას შორის და დასძინა, რომ ნინო ხარატიშვილი მონაწილეობას მიიღებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრის სტატუსის წარდგენის საკითხებში.

„ჩვენ აღვნიშნავთ კავკასიაში პირველი გერმანელი ემიგრანტების შვაბი პიეტისტების საქართველოში ჩამოსვლას, რომლებმაც 200 წლის წინ ალექსანდრე პირველის მიპატიჟებით კოლონიები დაარსეს და როგორც ვიცით ქართული კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ჩვენ ვიხსენებთ ასევე გერმანიის დახმარებას 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების კუთხით. სწორედ ამიტომ კარგია, რომ ეს წელი 2018-შიც გადადის“ - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა. მან ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებზე და იმ წვლილზე, რომელიც საქართველომ ითამაშა გერმანიის ისტორიაში და პირიქით. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნებს შორის ინტენსიური და ნდობით აღსავსე თანამშრომლობა, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში. 

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება. „1992 წლის 13 აპრილს გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს  დამოუკიდებლობა და პირველმა გახსნა საელჩო საქართველოში. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განუყოფელ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა და დასძინა, რომ ბრწყინვალე ქართულ-გერმანული ურთიერთობები დროს არ ექვემდებარება. ამ კუთხით მან ისაუბრა სურვილზე, კიდევ უფრო განვითარდეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთობები, კავშირები და მდიდარი კულტურული წარსული, რასაც გაბრიელის განცხადებით, ასევე ხელს შეუწყობს გასულ წელს ძალაში შესული ასოცირების შესახებ შეთანხმება და მის ფარგლებში გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

გახსნის ცერემონიალზე სიტყვის დასასრულს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში 130 ღონისძიება გაიმართება, არა მხოლოდ ბერლინსა და თბილისში, არამედ ორივე ქვეყნის მასშტაბით. გაბრიელის თქმით,  ეს ღონისძიებები კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს გახდის ქვეყნებს შორის ურთიერთობების მრავალფეროვნებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებების გამართვა მუსიკას, ლიტერატურას, კინოს, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.