ჰელსინკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

3.06.2019 ფინეთის რესპუბლიკაში, ჰელსინკიში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებელობის დღისადმი მიძღვნილი მიღება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, ქართულ-ფინურ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე, ასევე საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ.

ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.  გარდა ამისა, დამსწრე საზოგადობას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ფინეთში განხორციელებულ ვიზიტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფინურ მხარეს მასპინძლობისთვის და ზოგადად საქართველოს მხარდაჭერისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფინეთის მთავრობის წარმომადგენლები, ფინელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ფინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ასევე ქართველი სტუდენტები და ფინეთში მცხოვრები ქართველები.