იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, ევროპას აქვს მორალური ვალდებულება მხარი დაუჭიროს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს

11.07.2019 ქ. ბათუმი - ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ  სესიაზე -“10 წელი -პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე”  სიტყვით გამოსვლისას,  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩეპუტოვიჩმა   დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა: „მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მუხტი.   ევროკავშირი გარდატეხის ეტაპზე იმყოფება და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ქვეყნები რომ არათუ გაგრძელდეს პარტნიორობის პოლიტიკა, არამედ მოხდეს მისი უფრო მაღალ ეტაპზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუს“ - ზე აყვანა, რათა უზრუნველყოფილი იქნას   რეგიონების ქვეყნების უფრო მეტი ჩართულობა და მოვახდინოთ ამ ჯგუფის ინსტიტუციონალიზაცია. ჩავრთოთ  ისინი სხვადასხვა ფორმატებსა და სექტორალური საბჭოების მუშაობაში, რათა გაეცნონ ევროკავშირის გადაწყვეტილების პროცესებსა და მეთოდიკას. ეს ქვეყნები არიან ევროპის ნაწილი და აქვთ უფლება  რომ მიისწრაფოდნენ ამ ორგანიზაციაში წევრობისკენ. ისინი არიან არამარტო  აღმოსავლეთ პარტნიორები არამედ  წარმოადგენენ ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს. ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ სადაც საჭიროა”- განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში განსხვავებული მისწრაფებების მატარებელი  ექვსი ქვეყნაა გაერთიანებული, აღმოსავლეთ პარტნიორობამ თითოეულ მათგანს მოუტანა დადებითი ხელშესახები შედეგები: „ვთვლი, რომ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯგუფის ექვსივე წევრი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. გაიზარდა მათი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან, უმეტესობა მათგანში დაინერგა ევროკავშირის კანონმდებლობა და სტანდარტები“.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველი სესიის თემა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არსებობის 10 წლის მანძილზე მიღწეული შედეგები და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა.  თემატურ სესიას მოდერაცია გაუწია ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკ გოუინგმა, ხოლო მომხსენებლებს შორის იყვნენ: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგო ვალსტრომი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში, ეკატერინა ზაჰარიევა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდია როტი.