ინდოეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს აღნიშნავენ

28 სექტემბერს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

კოლეგისადმი მიწერილ წერილში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ინდოეთის  პირველ დიპლომატს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, ასევე დღეს არსებულ წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და სხვა სფეროებში: “მოხარული ვარ აღვნიშნო ბოლო დროს ორმხრივი  ურთიერთობების გააქტიურება.   ჩვენ უკვე მრავალი მიმართულებით მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს და წინ ახალ  შესაძლებლობებს ვხედავთ. ამასთან მიმართებით, მსურს ხაზი გავუსვა ბოლო დროს ხელმოწერილ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს საჰაერო მიმოსვლასთან და დიპლომატიური/ სამსახურეობრივი პასპორტის მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით, ასევე, აღსანიშნავია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის დაწყება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ  მცდელობებს განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ორი ქვეყნის  კეთილდღეობისა და პროგრესისათვის“.
თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუშმა სვარაჯიმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისადმი მიწერილ  წერილში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ეწვევა ინდოელ ხელოვანთა ჯგუფი, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.  

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს.