ინდონეზიის, პაკისტანისა და მონღოლეთის ელჩებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

24.05.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ახლად დანიშნულმა არარეზიდენტმა ელჩებმა, მათ შორის ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა იუდი კრიშნანდიმ (რეზიდენციით ქ. კიევი), პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა საიდ ხან მოჰმანდიმ (რეზიდენციით ქ. ბაქო) და მონღოლეთის ელჩმა, ბატონმა ლუვსან ბატულგამ (რეზიდენციით ქ. ასტანა).

სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ, დავით ჯალაღანიამ ინდივიდუალური შეხვედრები გამართა აღნიშნულ ელჩებთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელჩებს წარმატება უსურვა მათ საქმიანობაში საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არარეზიდენტმა ელჩებმა ასევე შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ გიორგი მარგველაშვილთან, რომელსაც რწმუნებათა სიგელები გადასცეს.