ინფორმაცია 2017 წლის 3 და 4 მაისს მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, მიაწოდეს ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო წესებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღინიშნა, რომ საქართველო-ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ და დარჩნენ ისრაელის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით მგზავრობას, როგორიც არის: ტურიზმი, კერძო ვიზიტები, სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა. და არავითარ შემთხვევაში - სამუშაოდ ან სხვა გრძელვადიანი მიზნებისთვის გამგზავრებას. სამუშაო ან სხვა ტიპის გრძელვადიანი ვიზიტების შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია ისრაელის საელჩოში მიიღოს შესაბამისი ვიზა.

მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ასევ განემარტათ, რომ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით, მ.წ. 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. ხსენებული რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად - 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია - არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში.

ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ ისრაელური მხარე საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით ახდენს ბიომეტრული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას. 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის სურვილია შესთავაზოს ისრაელის მხარეს შრომითი მიგრაციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო მიზნით ლეგალურად გაემგზავრონ ისრაელში. თუმცა, შეთავაზების წინაპირობას წარმოადგენს საქართველოდან არალეგალური მიგრაციის ნაკადის მნიშვნელოვანი კლება, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი მოლაპარაკებების წარმოება.