ინფორმაცია BSEC-ის 39-ე მინისტერიალთან დაკავშირებით

14 დეკემბერს . ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 39- შეხვედრა.
 
აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით.
სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე ხვთისიაშვილმა პოზიტიური შეფასება მისცა BSEC-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის საქმიანობას. ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ რეფორმების ახალი ეტაპის დაწყებას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სიტყვაში ასევე აღინიშნა საქართველოს ახალი მიღწევები და საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება. დადებითად შეფასდა რეგიონში მიმდინარე ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. 
 
გამოსვლაში ასევე აღინიშნა, რომ  ბიოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია რეგიონის მნიშვნელობა და მის მიმართ საერთაშორისო ინტერესი, რაც საერთაშორისო მნიშვნელობის კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ორგანიზაციის წევრი ქვეყნის მხრიდან სხვა წევრების მიმართ სამხედრო აგრესიის გამოყენება და ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე არსებული კონფლიქტები მნიშვნელოვნად აზიანებს რეგიონის მიმზიდველობას და ხელს უშლის BSEC-ის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ხაზი გაესვა აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით მოგვარების აუცილებლობას. 
 
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა BSEC-ის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს BSEC-ის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის კუტურის სფეროში შავი ზღვის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის პროექტის განხორციელებას და მოუწოდა მონაწილე ქვეყნებს მხარი დაუჭირონ ხსენებულ პროექტს.
 
მინისტერიალზე ასევე განხილული იყო ორგანიზაციის წევრებს შორის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კულტურის, გარემოს დაცვის და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის გზები.
 
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან BSEC-ის თავმჯდომარეობა შემდგომ 6 თვით გადაეცა ბულგარეთის რესპუბლიკას.