ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-12 შეხვედრის შესახებ

2019 წლის 23 მაისს, თბილისში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის რიგით მე-12 შეხვედრა.

საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, რიჩარდ ტიბელსი. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს როგორც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ასევე სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა.   
 
შეხვედრაზე მხარებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დიალოგის 2018 წლის 25 აპრილს გამართული შეხვედრის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებები. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის, ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის, ბავშვთა უფლებების დაცვის, შრომითი უფლებების უზრუნველყოფის, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთის კუთხით. ამავდროულად, ხაზი გაესვა ამ და სხვა ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები ნათლად ადასტურებს ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მონიტორინგის განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესების მნიშვნელობას, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას, ასევე აღნიშნულ ფორმატებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას, მათ შორის ადამიანის უფლებებთან და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ  შეშფოთება გამოთქვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების დარღვევის გამო. ამასთანავე, ევროკავშირის დელეგაციამ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’.

დიალოგი, რომელიც  ყოველწლიურად იმართება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას და წარმოადგენს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის პარალელურ ფორმატს.
 
დიალოგის შეხვედრის ფარგლებში მხარეების მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება