ინფორმაცია საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს კოძიასის საქართველოში ვიზიტის შესახებ

7.03.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს კოძიასთან, რომელიც 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა მრავალი მიმართულებით, ამასთან ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, რაც სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და განმტკიცების მნიშვნელოვანი სტიმულია. აღინიშნა ბოლო დროს არსებული ვიზიტების გაცვლის მაღალი დინამიკა და აღნიშნულ კონტექსტში განხილულ იქნა მომავალში დასაგეგმი ღონისძიებები.


მინისტრების მიერ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე. ასევე, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში. ამასთან, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, გაააქტიუროს და სტრატეგიულ დონეზე აიყვანოს თანამშრომლობა საქართველოსთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების ფარგლებში.


მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევის კონკრეტულ გზებზე და ამ პროცესში, საბერძნეთის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. მან ასევე დეტალურად მიმოიხილა რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს მთავრობის ცალმხრივი კონსტრუქციული პოლიტიკა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი - საოკუპაციო ძალის მიერ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხს, აგრეთვე არსებულ სხვა პრობლემებს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით. ამ კონტექსტში, მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებს.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნიკოს კოძიასი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. მან საჯარო ლექცია წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.