ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილის სტუდენტებთან შეხვედრის შესახებ

6. 04.2017, თბილისი - 6 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში „ამერიკული უნივერსიტეტის“ ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის შესწავლას ითვალისწინებს.


მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის  მხარდაჭერის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე ბ-ნმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე; ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  პროცესზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე,  მათ შორის მ.წ. 28 მარტს საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების საკითხზე; ასოცირების შეთანხმებაზე, როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების უმთავრეს მექანიზმზე. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის სამომავლო გეგმებს. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს გეგმებზე უფრო მეტად იყოს ჩართული ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში. აღინიშნა, ახლახან, საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და მისი მნიშვნელობა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობაზე, მათ შორის  ევროკავშირთან და აღმოსავლეთ პარტნიორებთან  ურთიერთობის გაღრმავების კუთხით და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაზე, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი. ამასთანავე, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებში საქართველოს ჩართულობაზე.


გარდა ამისა, შეხვედრაზე  საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება,  ხაზი გაესვა საქართველოს როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მისიებში. ყურადღება გამახვილდა იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ინტეგრაციის პროცესიდან მიღებულ დადებით შედეგებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. ყურადღება გამახვილდა ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ ცალსახა პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, მათ შორის თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების მიმართულებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროცესების შედეგად ქვეყანა უახლოვდება ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.