ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის შესახებ

6.04.2017, ვაშინგტონი - მიმდინარე წლის 5 აპრილს, ქ. ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკს.


შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს მიმდინარე წლის 4 აპრილს გამართული  საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შედეგები. საუბარი ასევე შეეხო  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში პლენარული სხდომის  დაგეგმვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით გაიმართება.


შეხვედრისას აღინიშნა  აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის მაღალი დონის ურთიერთობების ინტენსივობა და აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების  მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ორმხრივ თუ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.


მხარეებმა ასევე განიხილეს   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.