ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომის შესახებ

2019 წლის 23-24 მაისს, ქ. ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის   კომისიის მე-12 სხდომა.

ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.

შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხები და ასევე მოხდა ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის დეტალური განხილვა.

სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე, ექსპერტების დონეზე.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან.

მხარეები შეთანხმდნენ კომისიის მორიგი სხდომის ქ. თბილისში გამართვის თაობაზე. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით.