ინფორმაცია თეთრ სახლში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ზალკალიანსა და ევროპისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს, ფიონა ჰილს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ

6.04.2017, ვაშინგტონი - მიმდინარე წლის 5 აპრილს, ქ. ვაშინგტონში, თეთრ სახლში, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან, ფიონა ჰილთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი. განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, ევროპასთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლის კუთხით, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.


შეხვედრისას მხარეებმა აღინიშნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის კუთხით საქართველოს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების, ასევე, ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით აშშ-სთან მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მიღწეულია შეთანხმება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი პლენარული სხდომის უახლოეს მომავალში გამართვის თაობაზე.


მხარეებმა აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.