ინფორმაცია ვახტანგ მახარობლიშვილის ქ.ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ

2019 წლის 6 დეკემბერს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ვიზიტი ვაშინგტონში. ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომით საკითხებში, ალან პარსელთან და ადგილობრივი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული პრიორიტეტული საკითხები, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებების ხელყოფის თვალსაზრისით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და დაკავების ფაქტებზე. ამ კონტექსტში აღინიშნა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით ქართული მხარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიმართული საერთო ძალისხმევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისა და კონსოლიდაციის კუთხით. აღინიშნა აშშ-ს მხარდაჭერის და ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროცესში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა აშშ-ს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის ექსპერტებს. განხილულ იქნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შეხვედრებზე გაიცვალა მოსაზრებები და წინადადებები ხსენებულ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით.