იორდანიაში საქართველოს ელჩი იორდანიის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

7.10.2019 იორდანია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოში, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრთან მაჯდ შუვეიკასთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველო იორდანიაში ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში იორდანელი ვიზიტორების რიცხვი. 2019 წლის მონაცმებით ჩვენს ქვეყანას 12 000-მდე იორდანიის მოქალაქე ეწვია.
 
იორდანიის მხარე დაინტერესებულია ტურისტების მიმოსვლა იყოს ორმხრივი. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით მჭიდროდ  ითანამშრომლოს საელჩოსთან. იორდანიის ტურიზმის სამინისტრო ასევე დაინტერესებულია გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ტურიზმის სფეროს განვითარების მიმართულებით.
 
შეხვედრაზე იორდანიის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრმა დადებითად შეაფასა სიძველეთა სფეროში ორი ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოს საელჩოს ინიციატივით დაიწყო.
 
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და შესაბამისად, დაიგეგმა გარკვეული სამომავლო ღონისძიებები.