ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე თეირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის საკითხები განიხილეს

18.04.2017, თბილისი - ირანის ისლამურ სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის ოფიციალური ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხელ ჯანელიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტი ირანში, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს შედგება. „დღეს ჩემს კოლეგასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები,  მათ შორის მაღალი დონის შეხვედრები თეირანში. დარწმუნებული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში სრულიად ახალ ბიძგს და დინამიკას შესძენს ქვეყნებს შორის შემდგომ თანამშრომლობას,“- განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.


შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ხალხთაშორისი ურთიერთობის, კულტურის და განათლების სფეროში.   განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში ირანელი ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული პირდაპირი ავიაფრენები. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა 2016 წელს ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 5-ჯერ  გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს მთავრობის სურვილია  უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობა შესთავაზოს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ირანელ სტუდენტებს „ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ დღეს ჩემს კოლეგასთან და ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი უწყებების მიერ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“-აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრებმა პერსპექტიულად მიიჩნიეს თანამშრომლობა სტარტაპებისა და ინოვაციების კუთხით. ამ მიმართულებით მიმოიხილეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ირანის შესაბამის ტექნოლოგიურ ცენტრს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.


მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღს, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამ წლების განმალობაში საქართველოსა და ირანს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული, კეთილმეზობლური თანამშრომლობა.


შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ მუჰამედ ჯავად ზარიფმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის.