ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის საკუთარი წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად

15.10.2018 ლუქსემბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა  ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან  საიმონ კოვენისთან.

შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

ხაზი გაესვა ირლანდიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის  მტკიცე მხარდაჭერას, ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა ირლანდიის მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოს ამ პროცესში და გაუზიაროს მას ირლანდიის წარმატებული გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწეულ წარმატებას.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია  კონფლიქტის დარეგულირების პროცესის, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.  ირლანდიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, რაც აისახება თანამშრომლობის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

მინისტრები მიესალმნენ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს და ორმხრივი ვიზიტების გაცვლას. განსაკუთრებით  აღინიშნა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობის და თავდაცვის კომიტეტის მიერ 2017 დ 2018 წწ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ  ორი ქვეყნის  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს  შორის  მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სხვადასხვა სფეროებში  თანამშრომლობის  შემდგომ განვითარებას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა კატეგორიაში დასახელების გამო, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ირლანდიის მხრიდან საქართველოში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული გარემოს, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავალსაზრისით არსებული პროგრესის აღიარება.

მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის“ ინიციატივაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ ჰაბს და ირლანდიის ბიზნეს წრეების შესაძლო დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო გარემოთი.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და კოლეგას გააცნო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.