ირლანდიაში გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“, ავსტრიის საელჩოს (ევროკავშირის საბჭოს ავსტრიის თავმჯდომარეობის), ევროპარლამენტის საინფორმაციო სამსახურის, ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მხარდაჭერით.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებს და წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის კუთხით.
 
ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა,  გიორგი ზურაბაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, თუ რა მნიშვნელოვანია   საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, მით უფრო, ევროპარლამენტარების მონაწილეობით, რომლებიც სპეციალურად ესტუმრნენ დუბლინს და გააჟღერეს თავიანთი ხედვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ. 

პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს წარმატებები ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირების პროცესში. მიღწეულ პროგრესთან ერთად, მან აქცენტი ქვეყნის სამომავლო გეგმებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, რათა მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას. მისი თქმით,  „საქართველო აღიარებულია, როგორც ჩვენს რეგიონში მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის. ამ სტატუსის მოპოვებას ხელი შეუწყო სწორედ იმან, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ყველა იმ საერთო პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ ერთად დავსახეთ“.

თამარ ხულორდავამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო, აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რომელიც ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.  

ღონისძიების საპატიო სტუმარი და თანამომხსენებელი იყო ევროპარლამენტარი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი  და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრი კლერ მუდი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც ქვეყანამ უზარმაზარი ძალისხმევა გასწია. მისი განცხადებით, საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში ევროპული ღირებულებების ერთგულების კუთხით,  საქართველოს ისტორია, კულტურა, ისევე როგორც ქართველი ხალხი, არის ევროპის ნაწილი. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იმსახურებს კიდევ  უფრო მეტ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან. 

ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მეორე გენერალური მდივანი რორი მონტგომერი, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ბარი ენდრიუსი, ავსტრიის ელჩი ჰელმუთ ფროიდენშუსი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი და ევროპის პარლამენტის  ეკონომიკური და მონეტარული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბრაიან ჰეიესი.

გამომსვლელებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს „აღმოსავლეთ პარტნიორობით“ გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას მოსახლეობისთვის მეტი კონკრეტული სარგებლის მოტანის მიზნით.

გამომსვლელთა მოხსენებების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დისკუსიის პარალელურად, ევროპის სახლში გაიმართა ფოტოგამოფენა „საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცლები“.