ირლანდიაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ სემინარი გაიმართა

24.04.2019 ირლანდია- ირლანდიის წამყვან კვლევით -ანალიტიკურ ცენტრში „საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში“ (IIEA) გაიმართა სემინარი, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ღონისძიებაზე მთავარი გამომსვლელები იყვნენ ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი და პოლიტოლოგი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია, ხოლო მოდერაციას უწევდა დუბლინის უნივერსიტეტის (UCD) პროფესორი საერთაშორისო ურთიერთოების სფეროში ბენ ტონრა.

გიორგი ზურაბაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები. მან მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის წარმატებული პროცესი. ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა და ზედმიწევნით კარგად ასრულებს ყველა ვალდებულებას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის მიდგომა „მეტი მეტისთვის“ საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო რელევანტურია. დროებითმა რწმუნებულმა დამსწრე საზოგადოებას აცნობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, მან მადლიერება გამოხატა და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მოდელებზე, ასევე იმ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, რაც გაწევრიანების პროცესთანაა დაკავშირებული.

ღონისძიება დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.