ირლანდიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია „30 Years On: Insights from East-Central and Wider Europe“

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, 24 სექტემბერს, დუბლინში ჩატარდა კონფერენცია „30 Years On: Insights from East-Central and Wider Europe“, რომელშიც მონაწილეობდნენ მკვლევარები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების კონცეფცია მოიცავდა 1989-90-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა სივრცის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ გარდამტეხ მოვლენებს და აქცენტი გაკეთდა საიუბილეო თარიღებზე, მათ შორის, 30 წელი - ბერლინის კედლის აღებიდან; 20 წელი - პოლონეთის, ჩეხეთის და უნგრეთის, ხოლო 15 წელი - რუმინეთის, სლოვაკეთის და ლატვიის ნატო-ში გაწევრიანებიდან. ასევე, 2019 წელს აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავის იუბილე.

აღნიშნულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი თინათინ ბრეგვაძე, რომელმაც ისაუბრა ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს ტრანსფორმაციაზე. მან ხაზი გაუსვა ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ევროპული  და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი განუხრელად სვლას და ამ მიზნისადმი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერას. 

ქვეყნის ტრანსფორმაციაზე საუბრისას, თინათინ ბრეგვაძემ  ხაზი გაუსვა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, როგორც საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე გარდამტეხ თარიღს. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო არის და ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ოკუპაციის სახით, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, საქართველო სტაბილურად აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და აუცილებლად დაუბრუნდება თავის ბუნებრივ ადგილსამყოფელს - ევროპულ ოჯახს.

ღონისძიება ჩატარდა დუბლინში აკრედიტებული პოლონეთის საელჩოს ინიციატივით, საქართველოსა და  სხვა რამდენიმე საელჩოს ჩართულობით და ასევე, ტრინიტი კოლეჯის მხარდაჭერით. კონფერენციას ესწრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და მედიის წარმომადგენლები.