ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა  დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პროფესორ დევიდ ფიცპატრიკთან.
 
შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს უმაღლეს განათლების სისტემისა და წამყვანი უნივერსიტეტების შესახებ და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი ორმხრივი შეთანხმების ან ევროკავშირის საგრანტო პროგრამის „Erasmus+” ფარგლებში სტუდენტების ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებით.
 
დევიდ ფიცპატრიკმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უნივერსიტეტი შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმებს  უცხოელ პარტნიორებთან - უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებაა.
 
 მან დაადასტურა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მზაობა, პროფესიული კონტაქტების დამყარებისა და კონკრეტულ დისციპლინებში ერთობლივი პროგრამების შემუშავების კუთხით. 
 
დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ახლახანს დაარსდა სამი სხვადასხვა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების საფუძველზე, ირლანდიის წამყვანი უნივერსიტეტების სამეულშია და განსაკუთრებით წარმატებულია კომპიუტერული მეცნიერების, ელექტრონული ინჟინერიისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებით.