ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის სამუშაო ვიზიტი მეიოს საგრაფოში

29.07.2019 ირლანდია- ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სამუშაო ვიზიტი გამართა მეიოს საგრაფოში. რეგიონში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
 
ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა სენატორ მიშელ მულჰერინის, მეიოს რეგიონის წარმომადგენელს ირლანდიის სენატში, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს.
 
მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და დარგობრივი კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები. გიორგი ზურაბაშვილმა საგრაფოს ხელმძღვანელობას შესთავაზა მეიოსა და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის  დაძმობილება.

გიორგი ზურაბაშვილი, ასევე, შეხვდა მეიოს საგრაფოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ენაზე, დამწერლობასა და ღვინის უძველეს კულტურაზე.
მეიოს საგრაფოს ხელმძღვანელობა და რეგიონის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის საწყის ეტაპზე გაცვლიან ინფორმაციას დაგეგმილი ბიზნეს და კულტურული ღონისძიებების შესახებ. ასევე, საგანმანათლებლო პროექტების თაობაზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიზნით.