„როგორც გერმანია გაერთიანდა 3 ოქტომბერს 27 წლის წინ, ასევე საქართველო შეძლებს მშვიდობიანი გზით გაერთიანებას“, მიხეილ ჯანელიძე

02.10.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ ხალხს გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. 

მიხეილ ჯანელიძემ  დადებითად შეაფასა გერმანია -საქართელოს ორმხრივი ურთიერთობების  დინამიკა და ორი ქვეყნის  პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ჩვენთვის დიდი პატივია მივულოცოთ ჩვენს გერმანელ მეგობრებს ეს მნიშვნელოვანი დღე და ამასთან ერთად ხაზი გავუსვათ ქართულ-გერმანულ მეგობრობას და იმ მტკიცე ურთიერთობებს, რომელიც უკვე საუკუნეებია ჩვენს შორის ვითარდება. წელს ჩვენ აღვნიშნავთ მეგობრობის ორას წელს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ერთად ძალიან ბევრი პროცესი გავიარეთ და გერმანია მუდამ იდგა  დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, საქართველოს გვერდით.  გერმანია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იყო ერთ-ერთი უმთავრესი დონორი და მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების, და აგრძელებს ამ მხარდაჭერას. ძალიან მიშვნელოვანია  გერმანიასთან არსებული  მჭიდრო თანამშრომლობა და მაღალი დონის  პოლიტიკური კავშირები, რის კიდევ ერთ კარგ მაგალითს წარმოადგენს გასულ კვირას, გერმანიაში ჩატარებული არჩევნებიდან მოკლე დროში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი გერმანიაში და შეხვედრა  გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, სადაც განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.  დარწმუნებული ვართ, რომ გერმანია-საქართველოს კავშირი წარმატებული იქნება მომავალშიც და სიკეთის მომტანი როგორც ჩვენი ორი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად ევროპისთვის"- განაცხადა მინისტრმა. 
 
მან სხვა ფაქტორებთან ერთად  ხაზი გაუსვა გერმანიის გაეთიანების პოლიტიკურ და სიმბოლურ მნიშვნელობას საქართველოსთვის "ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც გერმანია გაერთიანდა 3 ოქტომბერს 27 წლის წინ, ასევე საქართველო შეძლებს მშვიდობიანი გზით გაერთიანებას, ისეთი პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიც გერმანიაა და ამ გზით  ევროპის უსაფრთხოების და განვითარების ხელშეწყობას"-დასძინა ჯანელიძემ. 

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველმა გახსნა საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა. მისი როლი დღესაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

ღონისძიების ფარგლებში მინისტრი მიესალმა ანსამბლ "თუთარჩელას' სოლისტებს, რომელთაც სადღესასწაულო მიღება მუსაკალურად გააფორმეს, ასევე შეასრულეს საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ჰიმნი. 

ორი  ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით 2017 წელს აღინიშნება გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი. ეს მოიცავს ორი ქვეყნის ისტორიულად მნიშვნელოვან თარიღებს -  200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. ზემოხსენებული თარიღების აღსანიშნავად, 2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში ტარდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარსდგება საპატიო სტუმრის სტატუსით.