ისრაელში ქ. ბეერ-შევასა და ონის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

6.05.2017 - ​ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე და საელჩოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, ადგილობრივ ქართველ ებრაელთა ორგანიზაცია „ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის საზოგადოების“ მოწვევით ქალაქ ბეერ-შევას ეწვივნენ. 

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობასა და აქტივობებს. ქართველმა დიპლომატებმა დაათვალიერეს ქალაქი ბეერ-შევა, რომლის ერთ-ერთი მოედანი ქ. ონის სახელს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ქ. ბეერ-შევა და ქ. ონი 2000 წლიდან დაძმობილებული ქალაქები არიან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სპორტული სახეობა „საყებურთის“ 2017 წლის ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. აღსანიშნავია, რომ „საყებურთი“ ქართველ ებრაელთა ტრადიციული სპორტული სახეობაა, რომელიც რაჭაში ფართოდ იყო გავრცელებული.

ორგანიზაცია „ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის საზოგადოების“ წევრებმა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, დაძმობილებული ქ. ბეერ-შევასა და ქ. ონის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.