იტალიაში ქართული კულტურის დღეები იმართება

11.04.2018 ქ.პეზარო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში 11-დან 18 აპრილამდე, მარკეს რეგიონის ქ.პეზაროში, ქართული კულტურის დღეები იმართება, რომლის ორგანიზატორები იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, პეზაროს საერთაშორსო საოპერო აკადემია და პეზაროს მერია არიან.

ქართული კულტურის დღეები  რადენიმე ღონისძიებას მოიცავს. კერძოდ, 11 აპრილს კულტურის კვირეული ქართველი მხატვრების სოფო ბერძენიშვილის, ლიკა რუსაძისა და მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევრებით გაიხსნება. 12-14 აპრილს ფრანკო კორელის აუდიტორიუმში გაიმართება ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელსაც “თუშური ბრენდი” წარმოადგენს.
15 აპრილს პეზაროს ექპერიმენტულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი  “მანდარინები”, რომლის დაწყებამდე გაიმართება მცირე კონფერენცია საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ.
კულტურის დღეები, 18 აპრილს, როსინის სახელობის საოპერო თეატრში,  გალა კონცერტით “ვივა როსინი” დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოპერის ვარსვკვლავები - სოპრანო ნინო ლეჟავა, მეცო სოპრანო ნინო სრუგულაძე, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გევლესიანი. მათ აკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს.

კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, დაგეგმილია, ელჩის კახა სიხარულიძის ოფიციალური  შეხვედრები ქალაქის მთავრობასა და სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.