იტალიაში საქართველოს ელჩი პულიის რეგიონს ეწვია

1.03.2019 იტალია-  პულიის რეგიონში, საქართველოს საპატიო საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტი პულიის რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი შეხვდა პულიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელს კოსიმო ბორაჩინოს.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ხაზი გაესვა პულიის ტერიტორიაზე არსებული ქართული დიასპორის მნიშვნელობას ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში  თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აგვისტოდან ბარი-ქუთაისის პირდაპირი რეისის ამოქმედების მნიშვნელობას.
 
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში, პულიის რეგიონის ხელმძღვანელობა,  ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა თანხლებით, საქართველოს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს, ვაჭრობის, წარმოების, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საპატიო კონსული პულიაში აურელიო ჯირონდა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
 
ვიზიტის ფარგლებში,  კონსტანტინე სურგულაძე ქალაქ ბარის მერს, ანტონიო დეკაროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.