იტალიაში შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

6.12.2019 იტალია - ნეაპოლის უნივერსიტეტში "L'Orientale" შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში ბ-ნმა კონსტანტინე სურგულაძემ. 

მან კონფერენციის მონაწილეებს, ქართველ და იტალიელ მეცნიერებს სიტყვით მიმართა, რომელშიც ისაუბრა საქართველო-იტალიის კულტურული და სამეცნიერო კავშირების ისტორიასა და შესაძლებლობებზე, ხაზი გაუსვა იტალიის აკადემიურ წრეებში მსგავსი სამეცნიერო კონფერენციების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორს ქ-ნ ელდა მოლრიკიოს და აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის კათედრის ხემძღვანელს ბატონ მიკელე ბერნარდინის 2018 წელს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის აღდგენისათვის, რომელსაც იტალიაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მკვლევარი , პრფესორი გაგა შურღაია ხელმძღვანელობს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა მეცნიერებმა, როგორებიც არიან ლუიჯი მაგაროტო, ადრიანო როსი, ლორენცო პუბლიჩი და სხვები. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი მარიამ ოძელი და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების  
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კიკილაშვილი.