ჯანელიძე ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე - ეს ფორმატი ჩვენთვის ღირებულია და მას აუცილებლად გავაგრძელებთ

06.10.2017, თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ  საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებთან  და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების ფარგლებში სამინისტროს გასული სამი თვის საქმიანობის შედეგები შეაჯამა.
 
მან ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში გადაიდგა, პარტნიორ ქვეყნებთან როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ისე საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს საკითხის პოზიციონირების კუთხით.  ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრამ, მინისტრის მიმოხილვის მოსმენის შემდგომ,  კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ექპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი გამოხატული ღრმა ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის, როგორც მინისტრმა აღნიშნა „მედიასთან და ექსპერტებთან დიალოგი არის რეგულარული და საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიად პასუხობს ყველა შეკითხვას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია, შეხვედრების ეს ფორმატი ჩვენთვის არის ღირებული და ჩვენ ამ ტრადიციას აუცილებლად გავაგრძელებთ“. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან  რეგულარული შეხვედრების ტრადიცია დაამკვიდრა, რომლის ფარგლებში იგი  სამ თვეში ერთხელ  დაინტერესებულ აუდიტორიას  სამინისტროს  საქმიანობას აცნობს. ამ ფორმატში 2017 წლის 6 ოქტომბერს რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.