ჟენევაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


 
 
9.04.2019 ჟენევა - ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბერნში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, ჟენევაში გაერო- ოფისთან, 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბერნში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რომელთაც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ და შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ჯალაღანიამ, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. გამოსვლებში ხაზი გაესვა საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს თარიღი გამოხატავს სწრაფვას თავისუფლებისადმი და ქართველი ხალხის ძალას, რომელმაც მოიტანა და აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.
 
შეკრება გაერო-ს ოფისითან მდებარე “Broken Chair” -თან გაიმართა, რომელიც  თავისუფლებისა და ომის მსხვერპლთა სიმტკიცის სიმობოლოა.
 
აღსანიშანვია, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს საბჭოთა შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.​