ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს მეორე სესიათაშორისი შეხვედრა გაიმართა

6.12.2019 შვეიცარია - ჟენევაში გაეროს ოფისში გაიმართა ადამიანის უფლებათა საბჭოს მეორე სესიათაშორისი შეხვედრა, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენდა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული ქმედებები და მიღებული შედეგები.
 
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) შორის არსებული კავშირი. სესიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათი გამოცდილება, მეთოდოლოგია, მიღწევები და გამოწვევები. აღნიშნული სესიის ფარგლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის კუთხით. ასევე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილ მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოზე, რომელიც მიმართულია 2030 მიზნების მიღწევის თვალსაზრისით საქართველოს პროგრესის მონიტორინგსა და კოორდინაციაზე. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გავამახვილე საქართველოსთვის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და ქალთა უფლებების დაცვაზე. ასევე ხაზი გაუსვა, ღია მმართველობის ფარგლებში კანონის უზენაესობისა და SDG 16-ის როლს. სესიის ფარგლებში საქართვლოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს მდგრადი განვითარების მიზნების კუთხით არაერთი წარმატებული ამბავი, რომლებიც მოიცავს ისეთ მიზნებს, როგორიცაა კორუფციის აღმოფხვრა, ინსტიტუციების გამჭვირვალობა და სხვა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართვლოს ჩართულობას კლიმატური ცვლილებების გამოწვევებთან ბრძოლაში.