ჟენევაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

31.05.2019 ქ. ჟენევა- ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
 
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჟენევაში საქათველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ. მან საკუთარ გამოსვლაში საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე ისაუბრა და ქართულ დიასპორას დღესასწაული მიულოცა.

საზეიმო მიღებაზე სიტყვით ასევე წარსდგა ჟენევაში ვიზიტით მყოფი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ედროს ადჰანომ გებრეიეუ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ფრანსის გარი, WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ნატა მენაბდე, ჟენევაში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ქართულმა კუთხემ, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ღვინითა და ეროვნული კერძებით გაუმასპინძლდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.