ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ღონისძიება- „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“ გაიმართა

20.03.2019 ქ. ჟენევა- ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ადამიანის უფლებათა საბჭოს პარალელურად გაიმართა ღონისძიება - „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“.

შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა მომხსენებლებმა ისაუბრეს ვენესუელაში მადუროს რეჟიმის ქვეშ არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და საკუთარ თავზე გამოცდილ სისტემატიურ რეპრესიებზე.

ვიქტორ დოლიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა შეხვედრის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ვენესუელაში არსებულმა კრიზისმა შემაშფოთებელ დონეს მიაღწია, რამაც უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.

„საქართველო სრულიად მხარს უჭერს ხუან გუაიდოს მიერ დემოკრატიისა და მშვიდობის დამყარებისთვის გაწეულ ძალისხმევას. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ვენესუელის პროგრესულ ძალებთან. საქართველო სრულიად აცნობიერებს, თუ რა წინააღმდეგობების წინაშე დგას ხუან გუაიდო და ეროვნულ ასამბლეა, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ მოგაწოდოთ პრაქტიკული დახმარება.“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მან ასევე მოუწოდა მადუროს რეჟიმს, ვენესუელელ ხალხზე რეპრესიების შეწყვეტისკენ.
დისკუსიას საქართველოსთან ერთად თანაორგანიზება გაუწიეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ალბანეთმა, არგენტინამ, კოლუმბიამ, ჩეხეთმა, დანიამ, უნგრეთმა, ისრაელმა, რუმინეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა მადუროს რეჟიმის ქვეშ ადამიანის უფლებების დარღევების შემაშფოთებელი ფაქტები, მათ შორის წამების, უკანონო პატიმრობის, დამოუკიდებელი მედიის დახურვისა და თავისუფალი პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვის შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა ჟენევაში გუაიდოს მთავრობის წარმომადგენელმა.