ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა

27.02.2018 ქ. ჟენევა - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ავღანეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს აბდულა აბდულას. შეხვედრაზე მხარეების მიესალმნენ საქართველოსა და ავღანეთს შორის ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას. 
 
ავღანეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლობა ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების განსაკუთრებულ სიმამაცეს.
 
მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა კვლავაც გააგრძელოს კონტრიბუცია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და წვლილი შეიტანოს ავღანეთის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაში საქართველოს რეფორმებისა და  გამოცდილების გაზიარების გზით.
 
მხარეებმა მიმოიხილეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ხაზი გაესვა კასპიის ენერგო რესურსების ტრანზიტის პროცესში ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას.
 
ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, კიდევ ერთხელ გამოიხატა ურთიერთმხარდაჭერა სხვადსახვა საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა სენეგალის საგარეო საქმეთა მინისტრს სადიკა კაბას, მაროკოს სახელმწიფო მინისტრს ადამიანის უფლებების საკითხებში მოსტაფა რამიდს და აფრიკის კავშირის კომისარს მინატა სამატე ცეზოუმას.
 
 შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან დაინტერესებას განავითაროს თანამშრომლობა აფრიკის ქვეყნებთან. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლებისა ჯანდაცვის მიმართულებით. გამოიხატა  კარგი მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში, ისევე როგორც დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს პროგრესის და გამოცდილების გაზიარების სურვილი.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 25-27 თებერვალს მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი დონის სეგმენტში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე გაერო-ს გენერალურ მდივანთან და გაეროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან. ​