ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს

14 ნოემბერს,  ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა - სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სლოვაკეთის თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუდოლფ მიხალკამ, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს.

თანათავმჯდომარეებმა ერთხმად აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) განსაკუთრებული მნიშვნელობა. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ  მოლაპარაკებების დაწყებიდან 11 წლისა და 49 რაუნდის შემდეგ, ჯერ ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნება. უფრო მეტიც, მონაწილეები მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მუდმივად ტოვებენ მოლაპარაკებებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვისას ჟენევის ფორმატში. 
მომხსენებლებმა გამოხატეს შეშფოთება ბოლო თვეების მანძილზე ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით, რომელიც, მათი თქმით, 2008 წლის შემდეგ, უპრეცედენტოა. მათ ასევე ისაუბრეს IPRM-ის გალისა და ერგნეთის რეგულარული შეხვედრების განახლების აუცილებლობაზე. ტოივო კლაარმა ასევე აღნიშნა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენელთა დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და ხაზი გაუსვა მსგავსი ქმედების მიუღებლობას. 
ჟენევის მოლაპარაკებების  თანათავმჯდომარეებმა მიმოიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე  მდგომარეობა, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების უფლების შეზღუდვები, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, აგრეთვე, ეთნიკური ქართველების მიმართ დაწესებული სხვა შეზღუდვები. ამ კონტექსტში, აღინიშნა არჩილ ტატუნაშვილისა და სხვათა გარდაცვალების შემთხვევები, სადაც არ დადგა დამნაშავეთა პასუხისმგებლობა. 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიურ გავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ცხინვალის წარმომადგენლებს, ე.წ. გადასასვლელების დაუყოვნებლივ გახსნისკენ.
საპასუხო განცხადებაში, საქართველოს ელჩმა, დავით დონდუამ დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების უნიკალური ფორმატის მნიშვნელობა საქართველოსთვის და მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აუცილებლობას, მათ შორის, რუსული შეიარაღებული ძალების საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გაყვანის საჭიროებას. აგრეთვე, ისაუბრა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების მნიშვნელობაზე. 
ქართულმა მხარემ ასევე გამოხატა მადლიერება ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისიის საქმიანობის შეზღუდვა დაუშვებელია და მას უნდა მიეცეს დაშვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ეს აღნიშნულია მის მანდატში.
მან აღნიშნა ისიც, რომ, მიუხედავად ქართული მხარის და თანათავმჯდომარეების კონსტრუქციული მიდგომისა, ჟენევის მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე პროგრესი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, რაც განაპირობა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციულმა ქმედებებმა. ამ კუთხით, ელჩმა დელეგაციებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სოფლებს გუგუტიანთკარსა და ატოცში უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების პოსტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები არიან ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლნი; ხდება მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატური ხელყოფა; ამავე დროს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოძევებულ ასობით ათას დევნილსა და ლტოლვილს, კვლავაც არ ეძლევა თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა - აღნიშნა დავით დონდუამ. 
ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა ე.წ. გადასასვლელების დახურვის შედეგად, ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე. მისი თქმით, რეჟიმის პოლიტიკის მსხვერპლი უკვე გახდა ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელსაც არ მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ მომავალში მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა რეჟიმის მიერ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნა. 
საქართველოს დელეგაციამ აგრეთვე დააფიქსირა შეშფოთება გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა რუსეთიდან და რეჟიმების მხრიდან მომავალი პროვოკაციების ფონზე, მათი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური წესების მიხედვით აღდგენის აუცილებლობა. 
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ნორვეგიის, თურქეთის, შვეიცარიის, აშშ-ს, უკრაინის, კანადის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებმა. 
გამომსვლელებმა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნეს, რომ არსებული კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვით. დელეგაციების მხრიდან ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
დელეგაციებმა აღნიშნეს ე.წ. გადასასვლელების გახსნის აუცილებლობა და მოუწოდეს ცხინვალს, თავისუფალ მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნისკენ.
აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში განაცხადა, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მოუწოდა რუსეთს ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.
დელეგაციებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების შეჩერებასთან დაკავშირებით.