კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე სიტყვით გამოვიდა

 
2018 წლის 25 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე, სახელწოდებით „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის დანერგვის ხელშეწყობა და მშვიდობის შენარჩუნება ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზით“.
 
კახა იმნაძე მიესალმა გენერალური მდივნისა და უშიშროების საბჭოს ძალისხმევებს, რომლებიც მიმართულია  იმ სფეროებში ქალების მონაწილეობის გაზრდაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთაშორისო მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე.
 
თავის განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) მიღების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უშიშროების საბჭოს  1325 (2000) რეზოლუციის იმპლემენტაციას, შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე და მოიცავს 2018-დან 2020 წლებამდე პერიოდს. გარდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგისა, გეგმა ასევე, მიმართულია კონფლიქტის მიერ დაზარალებული ქალების უფლებების დაცვაზე, მათი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის და ქალების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით.
 
კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ, აფერხებს სამშვიდობო პროცესს და მძიმე პირობებს უქმნის საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მაცხოვრებელი ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა. კახა იმნნაძემ ასევე ისაუბრა რუსული ოკუპაციის ბოლო მსხვერპლზე, მაია ოთინაშვილზე, რომელიც საკუთარ მიწაზე სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბრალი წაუყენეს ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის ხელშეწყობაში.“  საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 10 დღიანი ინტენსიური ძალისხმევის შედეგად მოხერხდა მაია ოთინაშვილის განთავისუფლება და მისი ოჯახთან დაბრუნება. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ოთინაშვილის მაგალითი არ არის ცალკეული საქმე, არამედ იმ ადამიანების ყოველდღიური რეალობა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში, 2015-2018 წლებში, რუსეთის ფსბ-ს ოფიცრებმა უკანონოდ 160 ქალი დააკავეს.
 
გამოსვლის დასასრულს  კახა იმნაძემ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს,  ყურადღების კიდევ უფრო მეტად გამახვილებისაკენ, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტურ ადგილებში მცხოვრები ქალების უფლებების დაცვაზე.