კახეთში „დიპლომატიური ტური 2017” მიმდინარეობს

25.05.2017 ყვარელი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართული დიპლომატიური ტური 2017 დასრულდა. ტრადიციული ტურის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ელჩები კახეთის  რეგიონს, ყვარელს ეწვივნენ.

ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნენ  კახეთის რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს, მოინახულეს „მეღვინეობა ხარება“ და დააგემოვნეს ქართული ღვინო.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიპლომატებს ტურში მონაწილეობისთვის და მიესალმა იმ ფაქტს, რომ ყოველწლიურად ტურში მონაწილეების რაოდენობა იზრდება. მინისტრის თქმით, დიპლომატიური ტური შესაძლებლობას აძლევს საქრათველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წევრებს სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს და მათ ეკონომიკურ და ტურისტულ შესაძლებლობებს.

"ტურის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება განვიხილოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები და პრიორიტეტები და არაფორმალურ გარემოში, გავცვალოთ მოსაზრებები რეგიონებსა და ქალაქებს შორის უკვე არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო  პერსპექტივებზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას"- განაცხადა  მიხიელ ჯანელიძემ.

დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის კახეთის განვითარების სააგენტომ , გამართა პრეზენტაცია კახეთის რეგიონის კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ხოლო  საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლი მოწვეულ სტუმრებს ესაუბრა საქართველოს ტურისტული პოტენციალზე.

დიპლომატიური ტური 2017 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა  და კახეთის რეგიონის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.