კანადაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი აღნიშნეს

18.06.2019 კანადა - კანადაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, პარლამენტის შენობაში მოეწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულები იყვნენ კანადელი პარლამენტარები, მთავრობის წევრები, კვლევითი ცენტრების ექსპერტები, ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრლუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, კანადაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, რუმინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩმა, უკრაინისა და მოლდოვას ელჩებმა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონცერტი, რომელზეც შესრულდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული მუსიკალური ნაწარმოებები. საქართველოს საელჩოს მოწვევით, კონცერტში მონაწილეობა მიიღო ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა “დიდგორმა“, რომელიც ამჟამად კანადაში გასტროლებზე იმყოფება.

საქართველოს საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.